არჩილ თალაკვაძე: კომპრომისი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ხელისუფლებას მოსთხოვო ნაბიჯების გადადგმა

„კომპრომისი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ხელისუფლებას მოსთხოვო ნაბიჯების გადადგმა, ეს ნაბიჯები ოპოზიციამაც უნდა გადადგას, მით უმეტეს, ამ არჩევნების შედეგად, ეუთო/ოდირმაც, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, საერთშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს, რომ ეს იყო ლეგიტიმური არჩევნები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ის გზავნილები, რომლებიც მათი მხრიდან გაკეთდა, თავისთავად სწორი გზავნილებია მოლაპარაკებებისთვის.

„ვერ ვისაუბრებ მედიატორების ნაცვლად, მაგრამ იმას ნამდვილად გეტყვით, რომ ის გზავნილები, რომლებიც მათი მხრიდან გაკეთდა, რომ ემოციები გადავდოთ გვერდით; რომ რეალისტური მოთხოვნები დამუშავდეს და იყოს განხილული, თავისთავად სწორია მოლაპარაკებებისთვის და რა თქმა უნდა, კომპრომისი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ხელისუფლებას მოსთხოვო ნაბიჯების გადადგმა, ეს ნაბიჯები ოპოზიციამაც უნდა გადადგას, მით უმეტეს, ამ არჩევნების შედეგად, ეუთო/ოდირმაც, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, საერთშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს, რომ ეს იყო ლეგიტიმური არჩევნები.

მათ გაიმეორეს საბოლოო დასკვნებში, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და ის ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით, რაც ნიშნავს, რომ აპელირება იმაზე, რომ თითქოს, ეს არჩევნები არალეგიტიმურია და ჩვენ რასაც ვიტყვით, ის უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ, ეს არ არის სწორი მიდგომა და მოლაპარაკებებში ეს თავიდანვე გამორიცხეს მედიატორებმა. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი არღვევს იმ მთავარ პირობას, რაც მოლაპარაკებებში იყო დასმული, რომ დეტალების შესახებ არ გვესაუბრა საჯაროდ.

მათ პრაქტიკულად პირდაპირ ისაუბრეს საკითხებზე, წინასწარი შეფასებები უკვე გააკეთეს, ჩვენი შეთანხმება იყო, რომ მედიაციის პროცესში მოლაპარაკებების დეტალებზე არ ვსაუბრობდით, ჩვენ ეს პირობა დავიცავით, თუმცა ოპოზიციის ერთი ნაწილი ღიად საუბრობს ამაზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.