კრისტიან დანიელსონი – პარტიების მიერ წინ წასასვლელი გზის გამონახვა საქართველოს ეროვნულ ინტერესშია, სწორედ ამიტომ ვდებთ ამხელა ძალისხმევას მათ მხარდაჭერაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, რის გამოც ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესში.

მისივე თქმით, მოლაპრაკებებში წინსვლა საქართველოს ინტერესებშია.

„მიზეზი, რატომაც პრეზიდენტმა მიშელმა აიღო ეს როლი და გამომგზავნა აქ, არის ის, რომ მას მტკიცედ სჯერა ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პარტიების მიერ წინ წასასვლელი გზის გამონახვა საქართველოს ინტერესშია, საქართველოს ეროვნულ ინტერესში, ქართველი ხალხის ინტერესში. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ ვდებთ ამხელა ძალისხმევას პარტიების მხარდაჭერაში და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არიან პარტიები ასე ჩართულები“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყნაში რჩება და მოლაპარაკების პროცესს განაგრძობს.

დანიელსონმა დღეს შეხვედრები გამართა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუმცა მოლაპარაკების კონკრეტული შედეგი ჯერ უცნობია.