არჩილ თალაკვაძე – საზოგადოების, ხელისუფლების, ევროკავშირისა და ჩვენი ძირითადი პარტნიორების ხედვა ერთმანეთს ემთხვევა

საზოგადოების, ხელისუფლების, ევროკავშირის და ჩვენი ძირითადი პარტნიორების ხედვა ემთხვევა ერთმანეთს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლაპარაკებებში ვართ, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანები მაინც გახლავთ, ვუპასუხოთ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდპანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები და ვაქცინაციის წარმატებით დასრულება არის ის, რაზეც სახელისუფლო გუნდი შემდეგი თვეების განმავლობაში იქნება კონცერტირებული. თუმცა, თალაკვაძის განმარტებით, ამავე დროს, მზად არიან, ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესი გააგრძელონ.

„როდესაც ჩვენ ვმონაწილეობთ ამ დიალოგში, ვფიქრობ სწორედ მომავალზე და ჩვენ გვინდა, რომ სწორედ მომავალში თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი სახის ესკალაცია, დესტრუქცია, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ შემთხვევაში, შემიძლია, გითხრათ, რომ საზოგადოების, ხელისუფლების, ევროკავშირის და ჩვენი ძირითადი პარტნიორების ხედვა ემთხვევა ერთმანეთს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლაპარაკებებში ვართ, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანები მაინც გახლავთ, ვუპასუხოთ გამოწვევებს, რაც რეგიონში ცვლილებებთან არის დაკავშირებული, შევძლოთ კოვიდპანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და წარმატებით დავასრულოთ ვაქცინაციის პროცესი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ, როგორც სახელისუფლებო გუნდი, შემდეგი თვეების განმავლობაში ვიქნებით კონცერტირებული. რა თქმა უნდა, ამავე დროს, მზად ვართ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილთან მოლაპარაკების პროცესი განვაგრძოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.