იტალიის წამლის სააგენტო: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა და სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითია

იტალიის წამლის სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლა მაგრინის განცხადებით, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მიერ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ შეჩერების წერტილამდე მივედით, რადგან რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, ვაქცინაციის შეჩერება გადაწყვიტა შემოწმების ჩასატარებლად. ეს პოლიტიკური არჩევანია.

იტალიის წამლის სააგენტოს რამდენიმე დღე დასჭირდება ყველა საჭირო მონაცემის შესაგროვებლად და როგორც კი ეჭვები გაქარწყლდება, ვაქცინაცია უფრო სწრაფად გაგრძელდება“, – აღნიშნა იტალიის წამლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლა მაგრინიმ.

12 მარტს, ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია უშუალოდ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრამ გამოიწვია.

მათივე განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით.