ნათია თურნავა: საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების დასაკავშირებლად შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს, ერთ-ერთი პროექტია, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან განიხილეს.

პროექტის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიაწოდა.

ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, ისტორიული მნიშვნელობისაა.

„მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, დააფინანსოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ამის შესახებ უკვე მოვახსენეთ ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროექტში მონაწილეობა მიიღონ ევროპულმა კომპანიებმა“, – აღნიშნა თურნავამ.

ამასთან ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურებმა მოუწოდეს კომპანიებს, რომ მონაწილეობა მიიღონ პროექტის შესწავლის ფაზის დაფინანსებაში, ასევე შემდგომში ინვესტორებისა და კონტრაქტორების მოძიებაში.