„ფაიზერ”/„ბიონტექს”-ის ვაქცინის შემქმნელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე კიბოა

მეცნიერები, რომლებმაც პირველებმა შექმნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერ”/„ბიონტექს”-ის ვაქცინა,  აცხადებენ, რომ ხალხს შეუძლია ეჭვი არ შეიტანოს ამ ვაქცინის უსაფრთხოებაში, ხოლო ტექნოლოგია, რომლითაც ის არის შექმნილი, სულ მალე გამოყენებული იქნება კიდევ ერთი გლობალური სენის — კიბოს წინააღმდეგ.

ოზლემ თურეჯი, რომელმაც ქმართან ერთად დააარსა გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი, შარშან სხეულის იმუნური სისტემისთვის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის სწავლებაზე მუშაობდა, როდესაც ჩინეთში გამოჩენილი უცნობი ვირუსის შესახებ შეიტყო.

11 თვის შემდეგ, ბრიტანეთმა გამოყენებისთვის დაამტკიცა BioNTech-ის მიერ ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-თან ერთად შექმნილი mRNA ვაქცინა. ერთ კვირაში იგივე გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მაც. დეკემბრის შემდეგ, ამ ვაქცინით მსოფლიოში უკვე ათეულობით მილიონი ადამიანი აიცრა.

„თამამი გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად ღირს, თუ ექსტრაორდინარული ჯგუფი გყავს; ასე, რეალურ დროში შეგიძლია გადაჭრა ნებისმიერი პრობლემა ან დაბრკოლება, რომელიც გზაზე გადაგეღობება“, — განუცხადა თურეჯიმ ინტერვიუში The Associated Press-ს.

გერმანიის ქალაქ მაინცში ბაზირებულ პატარა კომპანიას ჯერ ბაზარზე არანაირი პროდუქტი არ ჰქონდა. მისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი კლილინური ცდების წარმოება სხვადასხვა რეგიონებში და წარმოების მასშტაბი, რათა გლობალური მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.