ვაგრძელებთ მისი გადარჩენისთვის ბრძოლას – ლევან რატიანი კახი კავსაძეზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისი შეფასებით, ეს არ შეიძლება იყოს პოსტკოვიდური გართულება, რადგან რამდენიმე თვის წინ, როდესაც ის საავადმყოფოდან გაეწერა, ვირუსისგან სრულიად თავისუფალი იყო.

“ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. წინა პერიოდში, მ2-3 თვის წინ მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა და მის გარეშე გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ, ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში, ეს არ არის პოსტკოვიდური გართულება. როდესაც ის ჩვენს კლინიკაში კოვიდს ამარცხებდა, მას ფილტვის დაზიანების ინდექსი მცირე ჰქონდა. გაწერისას ფილტვის დაზიანება აღარ აღენიშნებოდა და, აქედან გამომდინარე, მან წარმატებით დაამარცხა კოვიდინფექცია ჩვენთან ერთად,”- განაცხადა ლევან რატიანმა „რუსთავი 2″ – ის ეთერში.