ჯორჯ კენტი – მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური – კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს, ვფიქრობ, ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა

ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვას, სჭირდებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მისი გათავისუფლება იმისთვის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

„კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა. მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს გამოსავლის პოვნის სურვილი, როგორც მათ გასულ წელს გააკეთეს, როდესაც 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს“, – განაცხადა ჯორჯ კენტიმ.