ბიძინა კულუმბეგოვი: მეტი შეზღუდვისა და ლოკდაუნის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად მომაკვდინებელია

ფაქტია, რომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ და ცხოვრებას ასე ვერ გავაგრძელებთ: ქვეყანას არსებობისა და განვითარებისთვის სჭირდება უფრო მეტი თავისუფალი ცხოვრება. მეტი შეზღუდვისა და ლოკდაუნის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად მომაკვდინებელია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათ შორის ვაქცინაციის მსურველების რაოდენობა დაბალია.

„მაშინ როდესაც, მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი 75 000 ადამიანიდან დაახლოებით 60% მაინც აიცრებოდა. სამწუხაროდ ჯერ ჩანს, რომ 10%-საც ვერ მივაღწიეთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, თუ ინფორმაციის ნაკლებობაა, ეს უნდა შეივსოს. „ჩვენს კოლეგებს და ზოგადად სამედიცინო პერსონალს შეიძლება უფრო მეტი კრიტიკული კითხვა ჰქონდეს, რადგან როდესაც უფრო მეტი იცი, უფრო მეტად მშიშარა ხარ ამ თვალსაზრისით და როცა ნაკლები გაქვს ინფორმაცია, შეიძლება უფრო გულადი და თამამი გახდე. ამიტომ ჩვენ მეტი ახსნა-განმარტებები გვჭირდება“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.