ილია წულაია საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

როგორც უკვე ცნობილია, დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ილია წულაიამ ტელეკომპანია „პირველის“ სატელევიზიო გადაცმა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას მოსაზრება გამოთქვა საპოლიციო გამოსახლების გაუქმების თემაზე, რამაც  საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა, უმეტესად კი უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.

ილია წულაია აღნიშნავს, რომ საპოლიციო გამოსახლების ნორმის დახვეწა აუცილებელია მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად, რათა ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში მაქსიმალურად იყოს დაცული ბინის მესაკუთრეთა უფლებები.

წულაია განმარტავს, რომ ყველა მესაკუთრისთვის საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა ყველაზე დიდ ზიანს აყენებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბინა ქირით აქვთ გაცემული და მათთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

„დგება შემთხვევა, როცა დამქირავებელი თანხას ვერ გიხდით და არც გამოდის თქვენივე ბინიდან, ამ შემთხვევაში არ გაქვთ შესაძლებლობა სწრაფად აღიდგინოთ თქვენი უფლება. ასეთ დროს გრჩებათ ერთადერთი კანონიერი გზა – უნდა შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში და იდავოთ საკუთარ ბინაზე, რომ მასში უკანონოდ სხვა პირი ცხოვრობს. შესაბამისად, გეზღუდებათ უფლება, იცხოვროთ საკუთარ სალხში ან მიაქირავოთ იგი სხვა გადახდისუნარიან პირს. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, სასამართლოში სამოქალაქო დავა 2-3 წლის განმავლობაში გრძელდება და ამ პერიოდში თქვენს სახლში ცხოვრობს სხვა პირი, რომელიც თანხას არ გიხდით. გარდა იმისა, რომ სასამართლო დავა ჭიანურდება, ასევე მოითხოვს დამატებით ხარჯებსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ უსიამოვნო პროცესებსა და ნერვების შლაზე“- აცხადებს ილია წულაია.

კომენტარის დატოვება