აქტივისტების პროტესტის გამო, ვლადიმერ პოზნერმა  და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს

რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი, სადაც ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები ისხდნენ, უკვე აფრინდა.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა  თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.