გრიგოლ გეგელია – ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს

ხელისუფლებას მოუწევს გაიგოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში იგივე ხრიკები არ გაუვა, რითაც ფონს გასვლას შინ ცდილობს, -ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპარლამენტარების განცხადება, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

“ვოლსკის თურმე არ ჰგონებია, რომ 7 პარლამენტარის განცხადება საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებზე იმოქმედებს. ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს. სამარცხვინო და კატასტროფულია, როდესაც 2021 წელს პარლამენტარად წოდებულმა ადამიანმა იმდენიც კი არ იცის, რომ ევროპარლამენტარები ცალობით არ ითვლება. პირველ რიგში, ეს შვიდი ადამიანი წარმოადგენს ევროპული პარლამენტის ყველა დიდ ფრაქციას – EPP, S&D, Renew Europe, Greens. შესაბამისად, მათი ნება საქართველოს საკითხზე სრულიად ევროპული პარლამენტის ნებას ასახავს.

მეორეც, სწორედ ამ შვიდი ადამიანის აზრი ქმნის ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოსა და რეგიონზე. და ბოლოს, ზუსტად ეს ჯგუფი წარმოადგენს ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგებსა და მეგობრებს ბრიუსელში. თითებზე თვლას და თავის დამშვიდებას, ვოლსკის ურჩევნია შეიგნოს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი შვიდი ადამიანის გარდა, “ქართული ოცნება” იღებს იგივე გზავნილს ვაშინგტონიდან, ევროპული საბჭოდან, ევროპული კომისიიდან. გასაგებია, რომ “ქართული ოცნების” ინტელექტი და ფანტაზია ვერასდროს ვერ სცდებოდა სკამების ცალობით თვლას, მაგრამ ხელისუფლებას მოუწევს გაიგოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არ გაუვა იგივე ხრიკები, რითაც შინ ცდილობს ფონს გასვლას, რამაც საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანა”, – განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.