20 მსჯავრდებული კულინარიას შეისწავლის

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მე-16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბაბისი სერთიფიკატი გადაეცემათ.

კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი “იკაროსი”, აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პირველ პროფესიულ გაკვეთილს სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი, აშშ-ს ელჩი იან კელი და განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრნენ.

მინისტრის განმარტებით, პროფესიული მომზადების პროგრამის მთავარი მიზანი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა.

“ანალიზის შედეგად ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ კარგი იქნება ადამიანებს მიეცეთ საშუალება, რომ  დაეუფლონ მნიშვნელოვან და მოთხოვნად პროფესიას და გასვლისთანავე შეძლონ მუშაობა.ასე რომ, როდესაც ადამიანს ექნება პროფესია და ის იქნება თავის საქმით დაკავებული, ის ცუდ საქმეზე აღარ იფიქრებს”-განაცხადა კახიშვილმა.

აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით მე-16 პენიტენციური დაწესებულებისთვის სპეციალური სამზარეულო ინვენტარი და ტექნიკაც იქნა შეძენილი.

კომენტარის დატოვება