ბადრი ჯაფარიძე – ამნისტია ვერ და არ გავრცელდება პირებზე, რომლებიც შესაძლოა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების უკან იყვნენ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ და ვერ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც „20 ივნისს ადამიანებს თვალები დათხარეს“ ან სხვა არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციები ვრცელდება.

“საქართველოში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ამნისტიის შესახებ კანონი ეხება იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა და არიან მსჯავრდებულები, სხვა მუხლებზე არ ვრცელდება ამნისტიის კანონი, არასდროს გავრცელებულა და არც ამ შემთხვევაში გავრცელდება. შესაბამისად, ერთი მუხლია, რომლის მიხედვითაც, პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება.

ამავდროულად, დაზარალებული პირების თანხმობა გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში ამნისტიის კანონის ფარგლებში, ზუსტად ანალოგიური კანონი იქნა მიღებული “ქართული ოცნების” პირობებში, ამნისტიის შესახებ, რომელიც დაზარალებულის თანხმობას გულისხმობდა იმისთვის, რომ გავრცელდეს ამნისტია ამა თუ იმ პირზე. ასე რომ, ჩვენ გამოვალთ ამ პრინციპებიდან, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული, საერთაშორისო პრაქტიკაშია, საერთაშორისო კონვენციებს არ ეწინააღმდეგება და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ, ამნისტია ვერ და არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც შესაძლოა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების უკან იყვნენ.

მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა, არის რიგი ადამიანების შემთხვევები და მათზე ვერ გავრცელდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ. თუ არსებობს კონკრეტული დაზარალებული. შესაბამისად, დაზრალებულის თანხმობა ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება, სხვაგვარად ეს დისკრიმინაციული მიდგომა იქნება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.