პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა

 

 

პარლამენტმა 75-ხმით, მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა.

საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით შემდეგი სახით მიიღეს:

ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება.

მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს.

თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.