“არქი ჯგუფისგან” დაზარალებულმა მოქალაქემ ილია წულაიას სასამართლო პროცესი მოუგო

   როგორც უკვე ცნობილია, ქართული ოცნების წევრის, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის, ილია წულაიას განცხადებას, რომ  საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება არ იყო და მას სავარაუდოდ ახალი მოწვევის პარლამენტი გადახედავს, საზოგადოებაში საკმაოდ მწვავე რეაქცია მოყვა. შემდეგ წულაიამ დამატებითი განმარტება გააკეთა ამ საკითხზე, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტიც, საზოგადოების თქმით, მომავალი დეპუტატი მტკიცედ დგას საკუთარ აზრზე.

და მაინც, რატომ სურს ილის წულაიას ასე საპოლიციო გამოსახლების გაუქმების კანონის აღდგენა? ამ კითხვაზე თავის მოსაზრებას „უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე“ თამარ იოვაშვილი  გვიზიარებს, რომელსაც დოლუმენტალურად ამყარებს.

თამარ იოვაშვილი:

-„კომპანია „კერა დეველოპმენტს“, მთაწმინდის მაცხოვრებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მისამართზე მთაწმინდის ქ. N17-N19-ში და ყიფიანის  ქ. N31-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინა. პროექტი ქალაქ თბილისის მერიის მიერ იყო დამტკიცებული და კომპანიამაც ე.წ. „შავი კარკასის“ აშენება მოახერხა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, კომპანიაც და შესაბამისად მისი აქტივ-პასივებიც შპს „არქი ჯგუფს“ მიჰყიდა, რომლის მფლობელიც ივლიანე (ილია) წულაია გახლავთ.

2015 წლის დასაწყისში „არქი ჯგუფმა“ არქიტექტურული ნებართვის და მაცხოვრებელთა თანხმობის გარეშე , მშენებარე სახლის ფანჯრების ქვეშ (დაახლოებით 2 მეტრში),  თვითნებურად ააშენა ელექტროტრანსფორმატორის ჯიხური. ფაქტის წინაშე დააყენა მაცხოვრებლები და მათგან მოითხოვა, რომ „ნებაყოფლობით“ გადაეცათ 8 კვადრატული მეტრი ფართობი ელექტროჯიხურისათვის „თელასის“ გამგებლობაში, ჯიხურის საფასურისა და მომსახურების საკომპენსაციოდ.

ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და თბილისის მერიის არქიტექტურულ სამსახურს საჩივარით მიმართა. შემოწმების ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ კომპანიამ მშენებლობის პროცესში დაუშვა უამრავი დარღვევა და დაჯარიმებული იქნა ჯერ 4000, შემდეგ კი 12 000 ლარის ოდენობით. ამის მიუხედავად, „არქი ჯგუფის“ მესვეურებს, რაიმეს გამოსწორებაზე თავი არ შეუწუხებიათ. მეტიც, მისი წარმომადგენლები, მაცხოვრებლების მიმართ, შანტაჟის და მუქარის გზას დაადგნენ. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ კომპანიამ ურჩ მაცხოვრებელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, კუთვნილი ბინის ქირის გადახდა შეუწყვიტა, რითაც ცდილობდა ეიძულებინთ ის 8 კვადრატული მეტრი ფართის „თელასისთვის“ დაკანონებაზე ხელის მოწერა ეიძულებინა.

თუმცა, უკვე 1 წლის შემდეგ ბატონმა წულაიამ სხვა გამოსავალი იპოვნა. მან გადაწყვიტა, რომ ეს მოქალაქე საერთოდ მოეცილებინა თავიდან. დაიბარა რა მადლენა ხუროშვილი შეხვედრაზე, კომპანიის იურისტებმა მას განუცხადეს, რომ „არქი ჯგუფს“ არ გააჩნია სათანადო ფულადი სახსრები, რომ სახლიც შესაბამისად საერთოდ აღარ აშენდებოდა და რომ მაცხოვრებელი უნდა გადასულიყო კომპანიის მიერ აშენებულ, თუმცა კი დაუსრულებლ და ავარიულ საცხოვრებელ სახლში, რომელიც ბაგებში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. თანაც, უნდა დათანხმებულიყო გაცილებით ნაკლებ ფართის მიღებაზე, ვიდრე ის მთაწმინდაზე ფლობდა. რაზეც მადლენა ხუროშვილმა რა თქმა უნდა უარი განაცხადა.

ამაზე ბატონი წულაია არ შეჩერებულა და კიდევ უფრო „შორს წავიდა“. მან დაიბარა დანარჩენი 6 თანამფლობელი და შესთავაზა ანალოგიური წინადადება, რასაც ჩვეული შანტაჟით უმაგრებდა საფუძველს, რომ არ გადაუხდიდა ბინის ქირას და მათთვის უმჯობესი იყო მთამწინდიდან „საკუთარი ნებით და მშვიდობიანად“ გადასულიყვნენ იმ დაუსრულებელ კორპუსში, რომელსაც „არქი ჯგუფი“ სთავაზობდა.

სადღეისოდ, ბატონი წულაია კვლავინდებურად არ უხდის მაცხოვრებლებს კუთვნილ ბინის ქირას, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა სასამართლოს მიმართა და პროცესიც მოიგო. მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ბატონ წულაიას და მის კომპანიას, რომლებიც ბანდიტური მეთოდებით მოქმედებენ, დაზარალებულ მოქალაქისთვის წელიწადნახევრის მანძილზე გადაუხდელი ქირის სრულად ანაზღაურება და ამასთან ერთად, ხელშეკრულების თანახმად კუთვნილი ფართის გადაცემაც დაეკისრა.

4 წლის მანძილზე „არქი ჯგუფს“ სახლის ბოლომდე დასრულებაზე არ უზრუნია, წინა ინვესტორმა კი კორპუსი პრაქტიკულად ბოლომდე ააშენა. საჭირო იყო მხოლოდ შიდა სამუშაოების დასრულება. თუმცა, როგორც ჩანს „არქი ჯგუფს“ საკუთარი გეგმები გააჩნია თბილისის პრესტიჟულ რაიონში მდებარე შენობის ბოლომდე და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით ხელში ჩასაგდებად.

იმის გათვალისწინებით, რომ მაცხოვრებელთა ნაწილის წინაშე არსებული ვალდებულებებისგან, კომპანიამ ნაცადი მეთოდებით თავი უკვე გაითავისუფლა, არ უხდიდა რა მათ 3 წლის მანძილზე ბინის ქირას, აიძულა ისინი დათანხმებოდნენ „არქი ჯგუფის“ პირობებს და სხვაგან გადასულიყვნენ.

თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის თანახმად, ორი საცხოვრებელი კორპუსი უნდ აშენებულიყო, თუმცა მეორეს მშენებლობა, საერთოდ დაწყებულიც კი არ არის. მთაწმინდის ამ მისამართზე მაცხოვრებელი ადამიანები კი, ბატონმა წულაიამ მოტყუებისა და შანტაჟის გზით, აქედან გაასახლა.

ასეთი გახლავთ „მორალური სახე“ აწ უკვე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისა და ზემოხსენებული ფაქტების გათვალისწინებით, სულაც აღარ არის გასაკვირი ის, რაზეც ახლა საუბრობს ბატონი წულაია და „ოცნებობს“, რომ წინა პარლამენტის მიერ გაუქმებული „საპოლიციო გამოსახლების წესი“, მისი მხარდაჭერით კვლავაც იქნეს აღდგენილი.

 

 

კომენტარის დატოვება