საია-ს თავმჯდომარე – ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე, ეს არ იყო საია-ს თანხა, ეს იყო ევროკავშირის თხოვნა

დავეხმარეთ მედიატორს, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა ​ბიუჯეტში ჩვენი გავლით მოხვედრილიყო, ეს იყო ევროკავშირის თხოვნა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა.

სიმონიშვილმა განმარტა, თუ რატომ დათანხმდა საია ამ პროცესში მონაწილეობაზე. მისი თქმით, „საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის წინაშეა“.

„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გადახდილია ნიკა მელიას გირაო და ეს გირაოს თანხა გამოყო „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“, ხოლო ჩვენ ბიუჯეტში გადავრიცხეთ. ხელისუფლებას გადავეცით, რათა გირაოთი შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ეს თანხა წამოვიდა „ევროპული ფონდიდან დამოკრატიისთვის“, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის დაფუძნებულ ორგანიზაციას და ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ეს თანხა ბიუჯეტამდე მისულიყო ჩვენი გავლით. რატომ მოხდა ასე, ეს იყო მედიატორის, ევროკავშირის თხოვნა, რომ ეს თანხა ჩვენი გავლით და ისეთი ორგანიზაციების გავლით მისულიყო ბიუჯეტამდე, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებითაც არ არსებობს კითხვის ნიშნები. ეს თანხა უკვე გადახდილია, გადავრიცხეთ ბიუჯეტში. ჩვენი ეს მოქმედებები შეთანხმებული იყო ევროკავშირთან.

რატომ ვიმოქმედეთ ჩვენ ამ საკითხში საერთოდ, რატომ დავთანხმდით, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა მიგვეღო, იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის წინაშე. ეს კრიზისი უკვე დიდი ხანია, დაიწყო. განსაკუთრებით გაღრმავდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია სწორედ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებამ. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დავდექით ისეთი მოცემულობის წინაშე, რომ საჭირო გახდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა ამ პროცესში და მათი მონაწილეობით სიტუაციის განმუხტვა.

19 აპრილის შეთანხმების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, მედიატორს დავხმარებოდით, რომ ეს შეთანხმება სრულად და კარგად იმპლემენტირებულიყო. ამდენად, მაშინ, როდესაც ევროკავშირს დასჭირდა ჩვენი დახმარება, რომ ეს თანხა ყოფილიყო გადახდილი და შეთანხმება ყოფილიყო სწორედ იმპლემენტირებული, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, გირაოს თანხის გადახდაში დავხმარებოდით მედიატორს. შესაბამისად, ამ თანხამ გაიარა ორგანიზაციის ანგარიში და ჩვენი ანგარიშის გავლით მოხდა სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს როლი შეასრულა საია-მ“, – განაცხადა სიმონიშვილმა.