ისრაელის ელჩი – საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს „ჰამასზე“, რათა შეწყვიტოს ძალადობა, მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება – ომის დანაშაულია

საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასზე“, რათა მან შეწყვიტოს ძალადობა, მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება ომის დანაშაულია, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი აცხადებს.

„გუშინდელი დღიდან მოყოლებული, „ჰამასის“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ 850-ზე მეტი რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ცენტრებში. ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემა შეძლო რაკეტების 90 პროცენტის ჩამოგდება.

მიუხედავად ამისა, ქალაქებში ბევრი რაკეტა ჩამოვარდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 200 ისრაელელი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან. საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასზე“, რათა მან ძალადობა შეწყვიტოს.

მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება არის ომის დანაშაული, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი დანაშაულებები წარსულშიც ვნახეთ და დასკვნაა, რომ ამით ზარალდება ორივე მხარე, თუმცა განსაკუთრებით პალესტინელი მოქალაქეები.

იმედი გვაქვს, „ჰამასი“ გააცნობიერებს, რომ მათი ქმედებებით პალესტინელი ხალხი იტანჯება ყველაზე მეტად. ისრაელი არასდროს იტყვის უარს თავდაცვის უფლებაზე, რომელიც გვაქვს საერთაშორისო კანონმდებლობით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოქალაქეები დავიცვათ“, – აცხადებს რან გიდორი.

ისრაელის ელჩი ურჩევს მოქალაქეებს, იყვნენ თავშესაფრებთან ახლოს, რათა განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე, დროულად მოხვდნენ უსაფრთხო ადგილზე.

სამი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სარაკეტო დარტყმებით, არის ის ქალაქები, სადაც ქართველები და ებრაელი ქართველები ცხოვრობენ. ესენია აშოდი, აშქელონი და ლოდი. ყველა ქართველმა, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ისრაელში, იცის რომ ამ სამ ქალაქში ცხოვრობენ მათი ახლობლები და ნათესავები და ვინც საქართველოდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ჩემი რეკომენდაცია ისეთივეა, როგორც ყველა ისრაელელისთვის – შეეცადეთ, იყოთ ახლოს დაბომბვის თავშესაფრებთან, რათა, როდესაც განგაშის სიგნალი ჩაირთვება, რამდენიმე წუთში მოხვდეთ თავშესაფარში. იმედია, ეს სიტუაცია გადაწყდება უახლოეს დღეებში“, – აცხადებს რან გიდორი.