„ჩემი ოჯახის პოლიტიკური დევნის ფაქტი დადასტურდა – დედაჩემი მხოლოდ იმიტომ გამომიგდეს სამსახურიდან, რომ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება პენიტენციური სამსახურის მიმართ, ვერ აიტანეს” – ალექსანდრე კობაიძე დოკუმენტს აქვეყნებს

„ჩემი ოჯახის პოლიტიკური დევნის ფაქტი დადასტურდა”, – ამის შეასხებ უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე „ჯიემთივისთან” საუბარში აცხადებს და აღნიშნავს, რომ  დედამისი, რომელიც  2020 წელს გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობდა, პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

კობაიძის თქმით, დედის, თინათინ მჭედლიშვილის სამსახურიდან გაშვება, აღნიშნული უწყების მიმართ, რომლის მინისტრიც იმ დროს თეა წულუკიანი იყო, თავის, როგორც ადვოკატის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. ამასთან, უფლებადამცველი ომბუდსმენის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც, მისივე განცხადებით, თავისი ოჯახის პოლიტიკური დევნის ფაქტი დასტურდება.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რომელმაც ჩემი ოჯახის პოლიტიკური დევნის ფაქტი წერილობით (დასკვნით) დაადასტურა და ამით კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ დედაჩემი მხოლოდ იმიტომ გამომიგდეს სამსახურიდან, რომ ჩემი კრიტიკული (ობიექტური) დამოკიდებულება პენიტენციური სამსახურის მიმართ ვერ აიტანეს. როგორც წინა იუსტიციის მინისტრი, ასევე დღესდღეობით მოქმედი დასაქმებული საჯარო მოხელეები, რომლებმაც შეიწირეს დედაჩემის სამსახური, ვამხილე და კიდევ ვამხელ.

მოუწოდებ ახალ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგვაძეს ყველა მონაწილე პირს, ვინც დედაჩემი დისკრიმინაციულად ( პოლიტიკური ნიშნით) გაათავისუფლა სამსახურიდან, სამართლებრივად მოეთხოვოთ პასუხი,” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძის დედა, თინათინ მჭედლიშვილი  2020 წლის ოქტომბერში, თეა წულუკიანის მინისტრობისას  გაათავისუფლეს სამსახურიდან. იგი გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობდა. უწყება აღნიშნულ გადაწყეტილებას შემდეგნაირად ხსნიდა:

„ალექსანდრე კობაიძის დედას, თ.მ.-ს არავინ აიძულებს სამსახურიდან წასვლას. მას მხოლოდ იმ სამუშაოს შესრულება შეეთავაზა, რასაც მისი პოზიცია ითვალისწინებს და რაზეც მან განაცხადა უარი. კერძოდ, თ.მ. 2017 წლის 10 ივლისიდან დღემდე (2020 წლამდე) უკავია N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობა. მის ფუნქციებში შედის ელექტროგაყვანილობის, ელექტრომოწყობილობების, სავენტილაციო ძრავების, ასევე საკნებში/პალატებში ელექტრომოწყობილობების, გარე განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ხარვეზის აღმოფხვრა, ასევე, შედუღება, ინვენტარის შეკეთება, საკანალიზაციო სისტემის გამართული მუშაობა და ა.შ. თუმცა დღემდე იგი ასრულებდა კანცელარიის თანამშრომლის ფუნქციებს და არა იმ მოვალეობებს, რასაც მის მიერ დაკავებული პოზიცია ითვალისწინებდა და რა სამუშაოს შესრულებაზეც დანიშვნის დროს მას ხელი აქვს მოწერილი.

ამჟამად კი, ვინაიდან N18 პენიტენციურ დაწესებულებაში დგას ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის საჭიროება, ქალბატონ თ.-ს შეეთავაზა მისი პოზიციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, რაზეც მან განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ ამ საქმის შესრულება არ შეუძლია. ამასთან, მას დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს. ამიტომ მასზე ზეწოლა და მისი სამსახურიდან წასვლის იძულება არის სრული სიცრუე და ადვოკატ კობაიძის მიერ პენიტენციური სამსახურის მიმართ გამოთქმული მორიგი ცრუ ბრალდება”