იაგო ხვიჩია – ის, რომ გიორგი გახარიას სახით ახალი ადამიანი შემოდის ოპოზიციაში, პოლიტიკურ თამაშს უფრო საინტერესოს გახდის

ის, რომ გიორგი გახარიას სახით ახალი ადამიანი შემოდის ოპოზიციაში, პოლიტიკურ თამაშს უფრო საინტერესოს გახდის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გუნდი სავარაუდოდ ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიიმხრობს.

„იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ამ წუთას მე გამაჩნია, ბატონ გახარიაზე, მის გუნდზე, მის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დასკვნების გამოტანა არ იქნება სწორი. ის, რომ ახალი ადამიანი შემოდის ოპოზიციაში, რომელსაც სპეციფიკური პოლიტიკური „სივი“ აქვს, პოლიტიკურ თამაშს ალბათ ეს უფრო საინტერესოს გახდის. შედეგი რა იქნება, ამას ალბათ, ყველა ერთად ვნახავთ. ასე რომ, მე არც გადაჭარბებულად შევაფასებდი და არც იმას ვიტყოდი, რომ შანსი არ აქვს.

მეეჭვება, მან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი წაიყვანოს, ჩვენს ამომრჩეველთან მიმართებითაც არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული. ალბათ, მაინც ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე იქნება ეს ყველაფერი და შესაძლებელია, იყოს სხვა ტიპის ამომრჩეველი, რომელიც დიდი ხანია დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“. ამ დრომდე შეიძლება სხვადასხვა პარტიას აძლევდნენ ხმას იმის გამო, რომ „ოცნებაზე“ გაბრაზებულები იყვნენ. შეიძლება, ამ ხმების მობილიზებაც მოახდინოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ თავად რას შესთავაზებს ამომრჩეველს“, – განაცხადა ხვიჩიამ.