“ელიტარული ინტელიგენცია ანუ ხაშლამისტები მშიერი ტურებივით დადიან ყველა დროის მმართველი პარტიის ოფისებში!”

შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტია”

-“აი, ესაა ჩვენი უბედურება. ერის ინტელექტის მონოპოლიაზე პრეტენზიის მქონე ადამიანები მშიერი ტურებივით რომ დადიან ყველა მმართველი პარტიის ოფისებში. აბა წარმოიდგინეთ პიერ რიშარი, ჟან მარე, ბელმონდო , ფრენკ სინატრა, თუნდაც რუსეთში ალა პუგაჩოვა აყუდებულნი მმართველ ძალთა ოფისების წინ. ის კი არა კონსტანტინ რაიკინმა ამას წინათ ამხილა პუტინის რეჟიმი ტოტალურ ცენზურაში.

ელიტარული ინტელიგენცია, რაზედაც ამ ხაშლამისტებს აქვთ პრეტენზია, თავისი ბუნებით, რევოლუციური, შეურიგებელი და ამაღლებული უნდა იყოს არსებულ რეალობაზე. მხოლოდ მაშინ გვექნება ჯანსაღი სახელმწიფო და საზოგადოება. საერთოდ პოლიტიკური პარტიები კაცობრიობის ისტორიაში უმცირესი გაელვებაა. სულ რაღაც ორი საუკუნეა დაიწყო მათი ჩამოყალიბება. მანამდე პოლიტიკურ ფუნქციებს განსაკუთრებით ოპოზიციურს ასრულებდნენ სწორედ ერის ინტელექტუალური საზოგადო მოღვაწეები. აბა საქართველო მთელი მეცხრამეტე საუკუნე პოლიტიკურად, რომანტიკოსების და თერგდალეულთა იდეებით დგებოდა ფეხზე და ვითარდებოდა . რომ დაეწყოთ ილიას , ვაჟას, აკაკის, მაჩაბელს, გიორგი ერისთავს და მთელ ამ პლეადას პირადი სარგებლისათვის ხელისუფლებებთან წანწალი, ხელი აეღოთ სახალხო,ეროვნულ იდეებზე რანი ვიქნებოდით დღეს, ან საერთოდ თუ ვიქნებოდით. აი ამიტომაა რომ, გულს მიკლავს ასეთი კადრების ნახვა.

თქვე მამაცხონებულებო, ერთ მშვენიერ დღეს ყველამ უარი რომ ვთქვათ ოპოზიციონერობაზე და თქვენთან ერთად მივადგეთ სამთავრობო სასახლეებს, თუ გიფიქრიათ, რა დაემართება იმ ქვეყანას, რომელსაც ასე მგზნებარებით იგონებთ სამეფო ნადიმისას სუფრებზე?

კომენტარის დატოვება