„ქართული ოცნება” არ იყო და არც მომავალში იქნება რაიმე ასეთი წერილის თანამონაწილე – არჩილ თალაკვაძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე ,,მუქარის წერილის“ შესახებ

როცა ერთი ოპოზიციონერი ლიდერი მეორე ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ განცხადებას აკეთებს, „ქართულმა ოცნებამ” თარჯიმნის როლი რატომ უნდა შეასრულოს?! – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით ბადრი ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებაზე დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ე.წ. წერილზე „ქართული ოცნების” პოზიცია ზუსტად ისეთივეა ახლა, როგორიც გიორგი გახარიას „ქართული ოცნების” ლიდერობისას პერიოდში იყო.

„ჩვენი პოზიცია მაშინაც ვუთხარით ხალხს და ახლაც ვამბობთ – რასაკვირველია, „ქართული ოცნება” არ იყო და არც მომავალში იქნება რაიმე ასეთი წერილის თანამონაწილე. თუ ბატონ ჯაფარიძეს ამაზე მეტი სათქმელი აქვს, შეუძლია თქვას! თუ ბატონ გახარიას სურს, მეტი უპასუხოს ჯაფარიძეს, დღეს ის პოლიტიკური პარტიის ლიდერია და შეუძლია უპასუხოს. წერილის შინაარსის თარგმნა და კომენტარების გაკეთება, მაშინ როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ერთმანეთს კითხვებს და პასუხებს უცვლიან, ჩვენი მხრიდან არანაირად არ არის სწორი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა.