გიორგი ვაშაძემ გრიგოლ ვაშაძესთან, ხათუნა სამნიძესთან და ზურა ჯაფარიძესთან ფრაქცია შექმნა

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდებიან. ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის”  წევრმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, მათი გაერთიანების მთავარი საფუძველი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტია. მისივე განცხადებით, ფრაქციას “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ერქმევა. ფრაქციაში შვიდი დეპუტატი იქნება: გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე ხათუნა სამნიძე და გრიგოლ ვაშაძე. ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარის მოადგილე კი პაატა მანჯგალაძე.

“ეს ფრაქცია შეიქმნა შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე. ამ ფრაქციაში გაერთიანებულია სამი პოლიტიკური პარტია და ინდივიდუალური დეპუტატები, ,,სტრატეგია აღმაშენებელი”, ,,გირჩი – მეტის თავისუფლება”, ,,რესპუბლიკური პარტია” და დამოუკიდებელი დეპუტატები”. – განაცხადა სამნიძემ.