აქციებს ვგეგმავთ და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ – ე.წ. საზღვრის იქით გადავალ – ზაზა გახელაძის მეუღლე

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუნტურის თქმით, სახელმწიფოს მიმართავენ უკანასკნელად და მომავალში გეგმავენ აქციებს.

,,ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამდა, ნამდვილად არ ვიცოდით ჩვენ, რა ხდებოდა და რა შეიძლება გაკეთებულიყო, ამაში არ ვერეოდით და არც გვეუბნებოდნენ, მაგრამ გვწამდა, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ერთი ალბათ რაც დაგვრჩა და უნდა გაკეთდეს, ეს არის უკვე ოჯახის მოქმედება, ჩვენი ძალისხმევით გაკეთდება ალბათ ის, რაც შედეგს გამოიღებს. ვგეგმავთ აქციებს და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, გადავალ ე.წ. საზღვრის იქით”, – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუნტურმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, კასპში რუსმა სამხედროებმა ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ კი ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა.