ევროკომისია: ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას

ევროკომისიამ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, კომისიის შეთავაზების სახელწოდებაა „უკუაგდე, შეაკავე და ითანამშრომლე“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

„ევროკავშირი კვლავ ატარებს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსიისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიმართ.

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორებთან ინიციატივების გზით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, შექმნას პრივილეგირებული გავლენის სფეროები. ევროკავშირი აცხადებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორებს აქვთ სრული, სუვერენული უფლება, თავად განსაზღვრონ მათი ურთიერთობების დონე ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან და ეს თავისუფლად გააკეთონ“.