პოლონეთი კრემლს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთი კრემლს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს. პოლონეთის ვიცე პრემიერის  და ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად პოლონელი პოლიტიკოსები დაზარალდნენ.

”პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინოვნიკები, მინისტრები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დეპუტატები კიბერშეტევას დაექვემდებარნენ”, – აღნიშნა იაროსლავ კაჩინსკიმ.

ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჰაკერული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან განხორციელდა, რომლის მიზანსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია წარმოადგენდა. უცნობია რა პერიოდში განხორციელდა კიბერშეტევა. მომხდარზე მტკიცებულებების შეგროვება ჯერ კიდევ გრძელდება.

პოლონეთმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს მინისტერიალზე გამართონ დებატები, თუ როგორ უნდა უპასუხონ თავდასხმებს.