მამუკა ხაზარაძე: ჩვენ იმიტომ ვერ შევდექით სახელმწიფოდ, რომ დღესაც კი ვიღაც ამბობს, რომ გავრილოვის ჩაჯდომა ამ სკამში არაფერი ტრაგედია არ იყო, გახელაძის და ხვალ შეიძლება კიდევ უამრავი გვარის გატაცება ჩვენი ტერიტორიიდან არაფერი არ იყოს

„ლელოს“  ლიდერი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას, უმრავლესობას და ოპოზიციას მოუწოდებს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები შეაჯერონ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ, რათა ნებისმიერი მოქალაქე გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას.

„პრობლემა ზოგადად საზოგადოებაშია, როგორც ერს გვაქვს პრობლემა, ვერ ჩამოვყალიბდით, რა პოზიცია უნდა დავიკავოთ ოკუპაციის მიმართ და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ღირსება და საერთოდ სახელმწიფოს ღირსება.

ჩვენ იმიტომ ვერ შევდექით სახელმწიფოდ, რომ დღესაც კი ვიღაც ამბობს, რომ გავრილოვის ჩაჯდომა ამ სკამში არაფერი ტრაგედია არ იყო, გახელაძის და ხვალ შეიძლება კიდევ უამრავი გვარის გატაცება ჩვენი ტერიტორიიდან არაფერი არ იყოს.

მოდით იქნებ ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ იმიტომ, რომ ეს არ არის ოპოზიციის და პოზიციის საქმე, ეს არის სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხი. ქვეყანა პრაქტიკულად არის საომარ მდგომარეობაში, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, შესაბამისად, უნდა გვქონდეს მკაფიო და მკაცრი პოზიცია და ის ტურისტები, რომლებიც მოდიან და ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია, რუსი ტურისტი, ის უნდა გრძნობდეს, რომ იმავე მათ სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს ჩვენგან გატაცებული ჩვენი მოქალაქეები.

ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები შევაჯეროთ და გამოვიდეთ ერთიანი პოზიციით, რომ ნებისმიერი ერთი მოქალაქე გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას, რისი კარგი მაგალითიცაა ისრაელი, სადაც გააჩნიათ სახელმწიფო თვითშეგნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მანვე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა კონტროლზე აიყვანოს ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი და შესაბამის უწყებებს დაავალოს ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იქ იგრძნონ სახელმწიფოს მხარდაჭერა.