მამუკა ხაზარაძე – თუ “ოცნება” მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაიწყებს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან

ლელოს” დამფუძნებელი  მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმადაც თუ „ქართული ოცნება“ დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს,ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.

მისი თქმით, მოსამართლეების არჩევის პროცესის გაგრძელება შარლ მიშელის დოკუმენტისა და ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულვებელყოფაა.

„ჩვენ ახლა ვიხილავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს და ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასეთი ცვლილების განხილვას, როცა სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ თქვენ აგრძელებთ და აპირებთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. ეს არის უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულვებელყოფა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მინდა, ვთქვა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა. თუ „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მინდა, მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო,”- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.