რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მივესალმეთ საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ევროკავშირის სამი ქვეყნის – რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით წერს.

„მივესალმეთ საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში, ხაზგასმით აღვნიშნეთ სასამართლო სისტემაში გატარებული სათანადო რეფორმები, საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის, სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მიმართულებით და დავგმეთ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი“, – დაწერა ბოგდან აურესკუმ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ.