დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამირან გამყრელიძის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ‘’სულელურს“ უწოდებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამირან გამყრელიძის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას ‘’სულელურს“ უწოდებენ და როგორც ,,ჯიემთივისთან” საუბარში აცხადებენ, გამყრელიძე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

,,არანაირად არ ვადასტურებთ სულელურ ინფორმაციას. ბატონი ამირანი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დღეს, როგორც ნახეთ ის იყო საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზეც და ჩვეულებრივ განაგრძობს საქმიანობას” – განუცხადეს ,,ჯიემთივის”.

შეგახსენებთ, რომ დაკარგულ ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ,  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა. ამირან გამყრელიძის თქმით კი დაკარგულ ვაქცინებს ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში. მისივე განცხადებით,  ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი, არაფერი დაკარგულა და მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ვაქცინების დანაკარგი დაშვებულია 15 პროცენტამდე.

ცნობისთვის ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ ამ ყველაფერზე უმეტესწილად პასუხისმგებელია ამირან გამყრელიძე და მისივე ინფორმაციით,  გამყრელიძე აპირებს სამსახურიდან წასვლას.