დავით სერგეენკო – ადამიანურად მესმის თამარ ჟვანიას გადაწყვეტილების, თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და წნეხის ქვეშ იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,  თამარ ჟვანიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება ადამიანურად ესმის, ვინაიდან თვეების განმავლობაში იგი დაუმსახურებელ შეურაცხყოფას იღებდა.

„რაც შეეხება, რატომ გადადგა, მისი განმარტება წავიკითხე, ადამიანურად ძალიან მესმის ეს გადაწყვეტილება. ამ თვეების განმავლობაში მართლა დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი კომპეტენციაც არის არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. ასე რომ, ამ ადამიანის მესმის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკო არ ფიქრობს, რომ თამარ ჟვანიას გადაწყვეეტილება მის მიმართ ზეწოლას უკავშირდება.

„რაც შეეხება იმას, ზეწოლის ქვეშ მიიღო თუ არა მან ეს გადაწყვეტილება, არ მგონია. ჩემთვის უცნობია, რატომ მიიჩნევდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს. ესეც ადამიანურად მესმის, სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ შეიძლება, ბევრი რამ გააკეთოს ადამიანმა. როგორც ექიმი, ისე გეტყვით, რომ ასე მარტივად არ არის მყისიერი რეაგირება. ზოგჯერ, ადამიანი ცდილობს, შეიკავოს თავი და გაისიგრძესიგანოს პრობლემა. უბრალოდ, ამდენი სტრესისას, ყველას რაღაც რესურსი აქვს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.