თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე

“საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე, ასევე განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოებს, მათ შორის, ავთენტურობის დადგენის ნაწილში,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ირაკლი ფარჯიანის ფონდის“ დახმარების შედეგად შექმნილი სახელმწიფო ლაბორატორია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არამხოლოდ საავტორო უფლებების დასაცავად, არამედ ქართული კულტურის ნიმუშების სათანადო ხარისხის დასაცავად.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ფონდის დახმარების, კონსულტაციის და სხვა ტიპის ხელშეწყობის შედეგად, საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე, ასევე განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოს, მათ შორის, ავთენტურობის დადგენის ნაწილში.

დღემდე არ არსებობს საქართველოში სახელმწიფოსგან ამგვარი მომსახურება ქართველი და რეგიონის ხელოვანებისთვის. „ირაკლი ფარჯიანის ფონდი“ და მისი კვლევითი ცენტრი ცდილობდა ამ ხარვეზის შევსებას თავისი ძალებით. ფონდი წარმატებით ავსებდა ამ ხარვეზს და იცავდა ხელოვანების უფლებებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მომსახურებაც. სწორედ სახელმწიფო კვლევის და მომსახურების მიზნით, რომელიც არ არსებობს, კულტურის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, დაარსდეს ლაბორატორია. დაგვეთანხმა ფონდი და ფონდის ხელმძღვანელობა, რომ გაგვიწიოს კონსულტაცია.

კომპლექსური კვლევა, შესაბამისი სახელმწიფო ექსპერტიზა, რომელიც იტყვის, ესა თუ ის ნახატი განსაკუთრებით, გარდაცვალების შემდეგ, ეკუთვნის თუ არა მოცემულ ავტორს, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არამხოლოდ საავტორო უფლებების დასაცავად, არამედ ქართული კულტურის ნიმუშების ხარისხის სათანადო დასაცავად“, – აღნიშნავს წულუკიანი.