მიტროპოლიტი “პრაიდის” კვირეულზე – ქრისტიანული საღვთო წერილი ჰომოსექსუალურ ორიენტაციას არ გმობს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი “თბილისი პრაიდის” კვირეულს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქრისტიანობა ჰომო სექსუალურ ორიენტაციას არ გმობს. ამის შესახებ მიტროპოლიტმა “დღის ამბებში” განაცხადა.

მისივე თქმით, ჰომოსექსუალები სრულყოფილი ადამიანები არიან და ქრისტიანებს მოუწოდებს, მატ მიმართ სწორი დამოკიდებულება ჰქონდეთ.

“ერთი რამ ძალიან ცალსახად უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული საღვთო წერილი, რომელიც ყველა ქრისტიანული ეკლესიისთვის საფუძველია, არსად გმობს ჰომოსექსუალურ ორიენტაციას. ქრისტიანული საღვთო წერილი ერთნაირად გმობს როგორც ჰეტეროსექსუალურ, ასევე, ჰომოსექსუალურ აღვირახსნილობას.

თუ ქრისტიანს არ აქვს მკაფიო წარმოდგენა ამაზე, რასაც მე ვლაპარაკობ, მე ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ქრისტიანული პერსპექტივიდან ჰომოსექსუალი ადამიანები არ არიან განწირულები, ისინი არიან სრულფასოვანი ადამიანები და ძვირფასი ადამიანები ღმერთისთვის,”- აცხადებს მიტროპოლიტი.

ცნობისთვის, დღეიდან, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო. საზოგადოების ნაწილი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვის მოთხოვნით გამოდის და ხელისუფლებას მათი დაშლისკენ მოუწოდებს. შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1-ელ ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.