გიორგი ვაშაძე – ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატზე როგორმე უნდა შევჯერდეთ, მნიშვნელოვანია, კანდიდატს სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს

„ცესკო-ს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატს და ცესკო-ს წევრებს სტრესტესტი უნდა ჰქონდეთ გავლილი,” – ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი 10-15 ადამიანი თუ მოიძებნება საქართველოში, ვისაც სტრესტესტი გავლილი.

„რას ნიშნავს სტრესტესტი? სტრესულ ვითარებაში, როცა ხელისუფლება ზემოქმედებას ახორციელებს მასზე, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს ეს ტესტი გავლილი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიღებული. პატივს ვცემ ძალიან ბევრ დამოუკიდებელ ექსპერტს, „ენჯეოს“ თანამშრომელს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს გავლილი ჰქონდეს სტრესტესტი. სამწუხაროდ, თამარ ჟვანიაც სამოქალაქო სექტორიდან მოდიოდა და შემდეგ მთავარ გამყალბებლად ჩამოყალიბდა, რადგან მას არ ჰქონდა სტრესტესტი გავლილი. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, არ ვიცი, აპირებს თუ არა ის მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მას სტერსტესტი გავლილი აქვს, როგორც სახალხო დამცველს, და არიან სხვა ადამიანებიც. ძალიან რთულად წარმომიდგენია შეჯერება ერთ კანდიდატზე, მაგრამ ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების დახმარებით, როგორმე უნდა მოვახერხოთ. თუ ეს არ მოხდა, ცესკო-ს თავმჯდომარე იქნება დროებითი და ყოველ 6 თვეში მოგვიწევს ახალ კანდიდატზე შეთანხმება. არ მყავს არავინ შერჩეული. ვფიქრობ, ყველაზე დიდი 10-15 ადამიანი თუ მოიძებნება საქართველოში, ვისაც სტრესტესტი გავლილი აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.