ტყიბულის შახტა პარალიზებულია – 200-ზე მეტი მუშა ანაზღაურების გაზრდას ითხოვს

ტყიბულში, 200-ზე მეტი მუშა გაიფიცა. პარალიზებულია მინდელის შახტა. გაჩერებულია ტრანსპორტის უბანი. შახტის გაფიცული თანამშრომლები ფიქსირებული ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.

“მედიატორი ჩამოსული იყო, შეხვედრაც მოვაწყვეთ, მაგრამ მაინც უარი მივიღეთ. ჩვენ ვითხოვთ ფიქსირებული ხელფასის მომატებას. ისინი გვთავაზობენ ბონუსს. ვერ გავარკვიეთ, რაში აისახება ბონუსი, ვერაფერი გავიგეთ. ბონუსი გამოდის 40-45 ლარი, რაც საკმარისი არ არის. როგორც კი დაგვაკმაყოფილებენ, დავბრუნდებით სამსახურში. იქამდე ვიქნებით ქუჩაში. მარტო “მაზოლები” ხომ არ უნდა დაგვრჩეს ხელებზე”. – ამბობს მემანქანე ბესიკ სეფერთელაძე.

შახტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მათი პოზიცია ცნობილი ამის შემდეგ გახდება.