“ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა” – ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ. შეკრება 20:00 საათზეა დაგეგმილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარი პროტესტის დაფიქსირებას „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და პუტინისტების წინააღმდეგ“ გეგმავენ.

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს, 20:00 საათზე დაანონსებულ აქციას უერთდება.

პოლიტიკური მოძრაობა ძალადობის ფაქტებს გმობს დ  მოქალაქეებს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს.

“გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი+ ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.

ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას. მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, “გირჩი მეტი საქართველოსთვის” ლიდერმა,ზურაბ ჯაფარიძემ გუშინდელი ძალადობის გასაპროტესტებლად დღეს აქცია დააანონსა. აქციაზე ასევე იქნება  „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან საქართველოში “თბილისი პრაიდის” კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.

მოწინააღმდეგე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები,მოგვიანებით “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში შეჭრა სცადეს. დღის განმავლობაში გამართულ აქიებზე კი ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი მოვლენების გამო, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა.

შსს-ის ინფორმაციით, 5 ივლისს განვიტარებული მოვლენების დროს, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა. მათივე ცნობით, გუშინ 8 პირი დააკავეს, ხოლო დღეს 3.