პოლიციას ადგილიდან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები გაჰყავს

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე კვლავ დაპირისპირებაა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მდუმარე აქციის მონაწილეების მხარეს, პარლამენტთან გადანაცვლებას ცდილობენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა სცადეს. პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან მანქანებით გაიყვანა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. რუსთაველზე იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე.

რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს.  აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა.

აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.