“ძირეულად არის გადასახედი ვეტერანებთან მიმართებაში სახელმწიფოს მიდგომები და პოლიტიკა!”

უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას  წინადადებით მიმართავს გადახედოს საგადასახადო კანონმდებლობას და მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების  საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე

უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს გადახედოს საგადასახადო კანონმდებლობას და მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების  საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე.

„ჩვენ წლების მანძილზე გვქონდა მცდელობა ხელისუფლების კომპეტენტური უწყებების მიმართ იმისათვის, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით, თუმცა  ჩვენს მცდელობებს დღემდე შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით წლების მანძილზე მივიღეთ  შეკვეცილი კანონი „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ და შემცირებული სოციალური პაკეტი, რომელიც ფაქტობრივად დაყვანილია მხოლოდ ყოველთვიურ 22 ლარიან სუბსიდიამდე და ეს სუბსიდიაც კი  მოეხსნათ იმ პირებს, რომლებიც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებული. ამდენად, ძირეულად არის გადასახედი ვეტერანებთან მიმართებაში სახელმწიფოს მიდგომები და პოლიტიკა. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ვეტერანებმა დაინახონ სახელმწიფოს მხარდაჭერა რაიმე ფორმით მაინც, რომელიც ეტაპობრივად გარკვეულ გადაწყვეტილებებში შეიძლება აისახოს.

ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ვეტერანთა გათავისუფლება საშემოსავლო  გადასახადისაგან. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ვეტერანების უმეტესობა ან დაუსაქმებელია ან თვითდასაქმებულია, რის გამოც ვეტერანების მიერ სახელმ,წიფო ბიუჯეტში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადის საერთო მოცულობა მთლიანობაში საკმაოდ მცირეა და ამ თანხების ბიუჯეტში მიუღებლობა რაიმე ფისკალურ სირთულეებს ნამდვილად არ შექმნის და ეს თანხები ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება. აღნიშნულის დაბალანსება თავისუფლად და მარტივად არის შესაძლებელი საბიჯეტო სახსრების, განსაკუთრებით ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების სწორი გადანაწილების პირობებში.

არჩევნების დასრულების ფონზე, ვეტერანთა კორპუსს გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ვეტერანებისათვის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაზე და ვიმედოვნებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს მოლოდინი რეალური გახდება“ – აღნიშნულია უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძის განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება