პანდემიის მართვის პროცესში დანაშაულებრივი შეცდომები იყო დაშვებული – ეს არის თემა, რომელიც ხელისუფლებას ერთ დროს აუცილებლად უნდა მოეკითხოს – გია ხუხაშვილი

პანდემიის მართვის პროცესში დანაშაულებრივი შეცდომები იყო დაშვებული, ეს არის თემა, რაც ხელისუფლებას ერთ დროს აუცილებლად უნდა მოეკითხოს – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ,,ჯიემთივისთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება პანდემიის დაწყებიდან აბსოლუტურად ალოგიკურად იქცეოდა.

,,სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვები არ არის დროული. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ პანდემიის მართვის პროცესში დანაშაულებრივი შეცდომები იყო დაშვებული. აბსოლუტურად ალოგიკურად იქცეოდა ხელისუფლება თავიდანვე და ამას როგორც ჩანს აკეთებდა საარჩევნო პოპულისტური მიზნებიდან გამომდინარე. მათ მოხსნეს ის შეზღუდვები, რაც იყო იმ დროისთვის ზუსტად საჭირო, როცა მატება დაიწყო პანდემიამ და მიიღო სახიფათო ფორმა. გარდა ამისა, ამნისტია გამოაცხადეს და ამით დაუსჯელობის სინდრომი გააჩინეს იმ არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რამაც საბოლოო ჯამში ასეთ შემაშფოთებელ შედეგებამდე მიგვიყვანა. შესაბამისად, მე ვფიქრობ რომ ეს არის თემა, რაც ხელისუფლებას ერთ დროს აუცილებლად უნდა მოეკითხოს. ამ წუთას ამის დრო არ არის, მაგრამ ეს არის იმ ტიპის დანაშაული, რომელზეც აუცილებლად უნდა აგოს ვიღაცამ პასუხი,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.