შარლ მიშელი – გვსურს, დავადასტუროთ, რომ უკრაინა არასდროს იქნება მარტო, ყირიმი უკრაინაა

ყირიმი უკრაინაა და მე მოხარული ვარ, ვიყო აქ, თქვენთან, ყირიმის პლატფორმის პირველ სამიტზე უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის წინა დღეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას.

„დამოუკიდებლობა ნიშნავს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მე აქ ვარ, რათა დავადასტურო ევროკავშირის ურყევი პოზიცია – ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას. ჩვენ გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის გატარებას და მტკიცედ დავდგებით საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ.

უკანონო ანექსია, ყირიმში და მის გარშემო შექმნილი სიტუაცია უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში მოწინავე ადგილას. სწორედ ამიტომ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმას აქვს ჩვენი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. უკანონო ანექსია ეწინააღმდეგება ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომლის შენარჩუნებითაც ჩვენ ყველა ვართ დაინტერესებული. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ რაც შეიძლება ფართო საეთაშორისო მხარდაჭერისთვის, ყირიმის ანექსიაზე რეგიარებისთვის არაღიარების პოლიტიკისა და საერთაშორისო ადვოკატირების საშუალებით.

როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს, მსურს, გითხრათ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ გზაზე. გვსურს, დავადასტუროთ, რომ უკრაინა არასდროს იქნება მარტო და რომ ყირიმი უკრაინაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.