ეკატერინე ტიკარაძე – საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, ველოდებით შემთხვევების კლებას – მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება

ვთვლით, რომ გაცილებით უფრო საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომლებიც იმართებოდა, ცესკო-სთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო დეტალური გავხადოთ ის დაცვის მექანიზმები, რომლებიც უსაფრთხოს გახდის არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დასმულ კითხვაზე, რამდენად უსაფრთხო იქნება არჩევნების 2 ოქტომბერს ჩატარება, საპასუხოდ  განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ოქტომბერში ეპიდემიოლოგიურად მოსალოდნელია ვირუსის შემთხვევების კლება.

„ვთვლით, რომ გაცილებით უფრო მეტი საფრთხის შემცველი არის ქორწილები და ქელეხები, რომლებიც იმართებოდა და როგორც თქვენმა კოლეგამ ახლა თქვა, გარკვეული შეხვედრები, რომლებიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება განსაკუთრებით ინფექციის გავრცელება. რაც შეეხება არჩევნებს, ცესკო-სთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო დეტალური გავხადოთ ის პროცესი და დაცვის მექანიზმები, რომლებიც უსაფრთხოს გახდის არჩევნებს. იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად კლებას და მნიშვნელოვანია, ცესკო-მ, მოქალაქეებმა და ყველა პარტიამ გაითვალისწინონ ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული ის ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება ნამდვილად უსაფრთხო გარემოში“, – განაცხადა ტიკარაძემ.