დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მილიონამდე ლარი მიიღეს – ღვინის სააგენტო

2 სექტემბრის მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გადამუშავებულია 12 ათასამდე ტონა დასეტყვილი ყურძენი – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს.

„ 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და 10%-დან 90%-მდე მერყეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს – 1 ლარად აბარებენ.

ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე – 50%-ის დაფინანსებას ახდენს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.