2022 წელს არ შევეგებებით ისე, რომ პენსიონერები ადამიანურ პროცენტში არ იღებდნენ სესხს – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პენსიონერთა საბანკო სესხის პროცენტის შემცირებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი ტენდერის პირობები უკვე განსაზღვრა.

მისი თქმით, პარტიის დეპუტატები ახლა ტენდერის პირობების დახვეწაზე მუშაობენ, პროცესის დასრულება კი 2022 წლის დაწყებამდეა მოსალოდნელი.

„დაახლოებით 2 კვირის წინ იყო სამთავრობო და ერთობლივი კომისიის სხდომა, რომელსაც ვესწრებოდით დეპუტატებიც. იქ შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტო პენსიონერთა საბანკო მომსახურების ახალი ტენდერის პირობებს წარმოადგენდა. ჯანდაცვის სამინისტრომ სულ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა ტენდერის პირობები. ახლა ჩვენ პარტიაში ვმუშაობთ ტენდერში ჩასაწერ იმ პირობებზე, რომ სესხის პროცენტი არ იყოს 36% და იყოს გაცილებით ადამიანური.

ალბათ წინასაარჩევნოდ ვერ მოესწრება ტექნიკურად, მაგრამ მჯერა, 2022 წელს არ შევეგებებით ისე, რომ პენსიონერებს გაცილებით უფრო ადამიანური საბანკო მომსახურება არ ჰქონდეთ და ადამიანურ პროცენტში არ იღებდნენ სესხს. ამ პროცესს არ მოვეშვებით და მივიყვანთ ბოლომდე“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.