გულიკო ზუმბაძის შენიშვნები და წინადადებები თბილისის მერიას

თბილისის საკრებულომ უკვე მიიღო მერიის მიერ გაგზავნილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი. 25 ნოემბრამდე საკრებულომ უნდა განიხილოს ეს ფინანსური დოკუმენტი და დაუბრუნოს მერიას. რას ფიქრობენ დეპუტატები ახალ ბიუჯეტზე და აქვთ თუ არა უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია? ამ კითხვით თბილისის საკრებულოს დეპუტატს, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს გულიკო ზუმბაძეს მივმართეთ.

-„ბიუჯეტი 2016 წლის დაზუზტებულ ბიუჯეტთან მიმართებაში შემცირებულია, რაც როგორც მერმაც განაცხადა და განმარტებით ბარათშიც ახსნილია, გამოწვეულია ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, ასევე, როგორც მოგეხსენებათ სტიქიით დაზარალებულთათვის იყო ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაც აღარ არის და ბუნებრივია არ არის ასახული ბიუჯეტშიც. მე, როგორც დეპუტატს მაქვს ბიუჯეტთან მიმართებაში ჩამოყალიბებული ჩემი პოზიციები, როცა დეტალურად განვიხილავთ ბიუჯეტს და ეს იქნება კომისიური განხილვა, იქ დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებებს.

ძალიან კარგია მთავარი პრიორიტეტი-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ამას ვეთანხმები, ძირითადად ეს იქნება მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია, ვაგონების შეკეთება, გვირაბების აღდგენა, სადგურების რეაბილიტაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად რომ გითხრათ, სატრანსპორტო საგზაო მიმართულებით თანხები გაზრდილია და ამას მივესალმებით, მეტრო არის საცობების განტვირთვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა გასაწერია მთელი რიგი ღონისძიებები, რათა დედაქალაქი განტვირთული იყოს საცობებისგან. მნიშვნელოვანია პარკინგის მოწყობა, დედაქალაქის მერიას უკვე დაანონსებული აქვს, რომ მოეწყობა 10 მრავალსართულიანი პარკინგი, თუმცა ესეც შეიძლება არ იყოს საკმარისი.  მაქვს წინადადება-არსებობენ კერძო მესაკუთრეები, რომლებიც ფლობენ თბილისის ტერიტორიაზე გარკვეულ მიწის ნაკვეთებს და თუკი შევთავაზებთ გარკვეულ შეღავათებს, უკეთეს საინვესტიციო პირობებს და გარემოს, ისინი დაინტერესდებიან წინადადებით და შესაძლოა გაუჩნდეთ სურვლი თავისივე ტერიტორიაზე მოაწყონ პარკინგი.

მეორე, რაც გასათვალისწინებელია არის ის, რომ როცა კეთდება გზები, არ არის გათვალისწინებული სანაგვე ურნებისთვის ე.წ. „ჯიბეები“ და ურნები პირდაპირ გზაზეა მოთავსებული, რაც აფერხებს მოძრაობას და დამატებითი წყაროა საცობებისთვის.

მოსაწესრიგებელია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის გრაფიკი, რათა ხელი შევუწყოთ საცობების განტვირთვას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება. ამ მხრივ გაზრდილია ბიუჯეტი. მნიშვნელოვანია ბინათმშენებლობების ამხანაგობის საკითხი, აქ თითქმის იგივე რჩება თანხა, რადგან ჯერ კიდევ მწვავედ დგას სახურავების, ლიფტების და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა.

2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი საგანმანათლებლო პროგრამებს. ბიუჯეტში მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ კვლევა გასაგრძელებელია და ჩემი აზრით ბევრად მოქნილი და ეფექტური საკადრო პოლიტიკა სჭირდება დღეს თბილისის წარმომაგდენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს.

ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ კომისიებში მოხდეს ბიუჯეტის დეტალური განხილვა, რათა გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები წარედგინოს თბილისის მერიას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რათა გაზრდილიყო თანხები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, ასევე მათი სიციალურ-კულტურული ინტეგრაციისთვის საზოგადოებაში, ამ ნიშნით თანხა 300 ათასი ლარიდან გაზრდილია 800 ათას ლარამდე, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სოციალურ და კულტურულ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რაც ბუნებრივია არ არის საკმარისი. ამ ადამიანებისთვის უნდა შეიქმნას თანამედროვე ევროპული მიდგომები და განხორციელდეს ის გეგმები, რისი ვალდებულებაც ჩვენ ჯერ კიდევ 2014-2016 წლებში გვქონდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ არანაირი მუხლი არ არსებობს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებილ პროგრამებთან და ეს აუცილებლად უნდა აისახოს ბიუჯეტში, და კიდევ, რაც სამწუხაროდ არ არის ბიუჯეტში ასახული და რაც ნამდვილად არის ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი სამუშაო, ეს არის ბინათმესაკუთრეთა დაუსრულებელი მშენებლობის გამო დაზარალებული მოქალაქეების პრობლემების მოგვარება. 2014-2016 წლებში ბიუჯეტში ამ საკითხისთვის გათვალისწინებული თანხებიდან არც ერთი თეთრი არ არის მიზანმიმართულად დახარჯული, მაშინ, როდესაც ჩვენს დედაქალაქში არსებობს საბინაო პრობლემა, მაშინ, როდესაც უამრავი უსახლკარო ადამიანი გვყავს და თავშესაფარი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ ვერ უზრუნველყოფს ოჯახებისთვის ელემენტარულ სათანადო პირობების შექმნას, ვფიქრობ ამ მიმართულებით მერიაში უნდა იყოს გარკვეული პროგრამები, რაც სამწუხაროდ ამ წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება იქნება სწორედ ეს-საბინაო-საცხოვრებელი პირობების შექმნის პროგრამის შემოტანა ბიუჯეტში და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ჩამოყალიბება პოზიციის-როგორ და რა გეგმით ვანხორციელებთ კოოპერატიულ დაზარალებულ ბინათმესაკუთრეთა უფლებების დაცვას და მათი პრობლემების მოხსნას.

კომენტარის დატოვება