„მიუ” შტამი შესაძლოა გახდეს ახალი მუტაცია – არსებობს თეორიული შანსი, რომ იგი ყველგან, მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად გაჩნდეს – ამირან გამყრელიძე

„მიუ” შტამი შესაძლოა გახდეს ახალი მუტაცია, თუმცა ჯერჯერობით, მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, – ამის შესხებ  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა,

მისივე თქმით, არსებობს თეორიული შანსი, რომ კორონავირუსის „მიუ” ვარიანტი ყველგან, მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად გაჩნდეს.

„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ ქვეყანაში სხვადასხვა შტამების ცირკულაციის მონიტორინგს. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული მონიტორინგი.

დღესდღეობით, ქვეყანაში თითქმის 100%-ით ცირკულირებს „დელტა” შტამი, ანუ რასაც „ინდურ” შტამს ვარქმევთ. სხვა შტამი ჯერჯერობით სეკვენირების პროცესში ნანახი არ იქნა. თუმცა, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია მოგეხსენებათ, კორონავირუსი თითქმის 2 წლის განმავლობაში ძალიან მრავალ მუტაციას განიცდის.

ასობით მუტაცია იქნა გამოვლენილი, მაგრამ მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ რომელიც ან სხვანაირად აზიანებს, ან სხვა უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება, ასეთი აღმოჩენილია სულ რამდენიმე. ეს „მიუ” მუტაცია შეიძლება გახდეს ახალი მუტაცია, მაგრამ ჯერჯერობით, მის შესახებ არ არის ბევრი ინფორმაცია, რომ მან მიიღო რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ დააზიანა დიდი რაოდენობით მოსახლეობა, ხასიათდება უფრო მეტი აგრესიულობით და ა.შ. სანამ ეს ინფორმაციები არ არის კარგად შესაწვლილი, მანამდე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ნაადრევია ჯერჯერობით ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, თეორიული შანსი არის, რომ  იგი ყველგან გაჩნდეს,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.