შალვა პაპუაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებას აქვს გამოცდილება, რომ მართოს მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა, ამ კუთხით სააკაშვილი ყველანაირად დაზღვეულია

შიმშილობა არ არის სიახლე პენიტენციური დაწესებულებისთვის. მას აქვს გამოცდილება იმისთვის, რომ მართოს მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა. ვფიქრობ, ამ კუთხით სააკაშვილი ყველანაირად დაზღვეულია და მით უმეტეს, მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის კადრები იხილა საზოგადოებამ და იმ კადრების მიხედვით, მას სისუსტე არ ემჩნევა.

„ნებისმიერ მომენტში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დასუსტება, რომ ჩარევა გახდება საჭირო, ჩაერევიან ექიმები და ამ მდგომარეობიდან გამოიყვანენ. პრობლემა ისაა, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილად იქცა ადამიანის მდგომარეობის გამოყენება პოლიტიკური მიზნით. აქაც ხდება ადამიანის, საკუთარი ლიდერის ფიზიკური მდგომარეობისა თუ შიმშილობის გამოყენება პოლიტიკურად. შეგნებულად ამძიმებენ ვითარებას, თითქოს, დღე-დღეზე რაღაც უბედურება მოხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.