Pfizer – კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მისი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

Pfizer-მა 775 ზრდასრული ადამიანის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა.

კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდინფიცირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან გულის დაავადება ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.

კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და საერთაშორისო რეგულატორებს მიმართავენ, რათა რაც შეიძლება მალე დაუშვან კომპანიის ახალი პრეპარატი.