ვლადიმერ ჩაჩიბაია – სერგეი ლავროვი ბოლო ოცი წლის კვლევებს თუ ნახავს, მიხვდება, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს არჩევანია და არა ნატო-ს მიერ თავსმოხვეული იდეა

სერგეი ლავროვი ბოლო ოცი წლის კვლევებს თუ ნახავს, მიხვდება, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს არჩევანია და არა ნატო-ს მიერ თავსმოხვეული იდეა, – განაცხადა დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩაჩიბაიამ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ რუსულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „რუსეთისთვის გახდება წითელი ხაზის დარღვევა მცდელობები, ძალით შეათრიონ საქართველო ნატო-ში, რაც ეწინააღმდეგება მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას“.

„რუსეთის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი გაცხადებული თავხედური ტყუილი, რადგან ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული არჩევანია. ჩვენ ნატო-ში არავინ არ მიგვათრევს. სერგეი ლავროვი საქართველოში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს თუ ნახავს, მიხვდება, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს არჩევანია და არა ნატო-ს მიერ თავზე მოხვეული იდეა. ეს არის რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი თავხედური განცხადება. ევროპელებს ახასიათებთ, როცა ურემი გადატრიალდება, რეაგირებას მაშინ ახდენენ.

გასული წლების გამოცდილება გვეუბნება, რომ პრევენციული მიზნით საჭიროა, ევროპის ქვეყნებმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად წინმსწრებად მიიღოს სადამსჯელო ნაბიჯები, რათა რუსეთმა მომავალში ნებისმიერი განზრახვისგან ხელი აიღოს. მათი ბოლო განცხადებები არის შეშფოთებისა და წუხილის საგანი, განსაკუთრებით, საქართველოსა და უკრაინისთვის.

ევროპის ქვეყნებმა რეაგირება უნდა მოახდინონ არა ფაქტზე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, არამედ წინმსწრებად განახორციელონ ეკონომიკური სანქციები და უფრო რადიკალური ზომები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.