ირაკლი კობახიძე: საერთო, ეროვნული თანხმობის მიღწევა საკმაოდ ამბიციური მიზანია და რთული იქნება ის პროცესი, რომელიც ამ მიზანთანაა დაკავშირებული

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა შერიგების შესახებ რთული პროცესი იქნება. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ყველა იმ წამოწყებაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება.

„საერთო, ეროვნული თანხმობის მიღწევა საკმაოდ ამბიციური მიზანია და, ბუნებრივია, რთული იქნება ის პროცესი, რომელიც ამ მიზანთანაა დაკავშირებული“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულებრივ ძალად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ეროვნული თანხმობა ბევრად მარტივი იქნება, თუ ეს პარტია პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება.

„ჩვენი ხედვაა, რომ რაღაცების შეფასება და სამომავლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ამის მიხედვით დასკვნების გამოტანაა საჭირო. მათ შორის დამნაშავეები და დანაშაულებები საჭიროებს შეფასებას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, ეს მათი დღის წესრიგია, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოითხოვონ, საზოგადოებამ კი იცის, რა მძიმე დანაშაულებები აქვს ამ კაცს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ საზოგადოების რწმენიდან გამომდინარე და რაც მთავარია, სამართლის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.