“საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალობის პრინციპს დაეფუძნება”

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.

პარლამენტის დადგენილების პროექტზე „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“, კომისიის დაფუძნების ფორმატსა და საქმიანობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის საქმიანობა გამჭვირვალობის პრინციპს დაეფუძნება და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.

კომისიის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით კი ვენეციის კომისია. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიასთან აღნიშნულ საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და აქვე განაცხადა, რომ თუ რომელიმე ნორმა ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად შეფასდება, ის არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ.

„მთავარი ამოცანა არის ის, რომ იყოს ეფექტიანად წარმართული კომისიის მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ შედეგზე მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ბუნებრივია, ავიღებ პასუხსიმგებლობას. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას ავიღებ თავად დოკუმენტის შინაარსზეც. ახლავე შემიძლია დავდო პირობა, რომ თუ იქნება თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, ასეთი ნორმა არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამაზე შეგვიძლია დღესვე ავიღოთ ჩვენ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატზეც და აღნიშნა, რომ მსჯელობის შედეგად, საკონსტიტუციო კომისიის საპარლამენტო ფორმატი შეირჩა.

„გვქონდა კომუნიკაცია როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან. კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმატთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ჩვენ შევჯერდით არსებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა. ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული არგუმენტები: ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებული კონსტიტუციური სისტემის ლოგიკა ყველაზე მეტად სწორედ ასეთ ფორმატს მოითხოვს. ეს ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტიანი შედეგის თვალსაზრისით. ჩვენი საბოლოო მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ეს პრინციპი არ არის დაცული კონსტიტუციის მოქმედი ტექსტით. ჩვენი ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუცია გადასახედია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების დაბალანსების მიმართულებით.
„არცერთი წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილება ჩვენ არ გვაქვს. ყველაფერი უნდა იყოს განხილული ფართო ჩართულობის საფუძველზე იმ ფორმატში, რომელიც არის დღეს შემოთავაზებული. სწორედ განხილვებისა და მსჯელობის საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ კონკრეტულ დებულებებთან დაკავშირებით. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის არჩევის წესი და სხვა საკვანძო დებულებები, რომლებიც ჩვენ გვხვდება კონსტიტუციაში“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა კონსტიტუციის კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად გადასინჯვაა და არა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. „აქ რომ იყოს საუბარი ვიღაცის სუბიექტურ პოლიტიკურ ნებაზე, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე, ჩვენ საერთოდ არ შევეხებოდით საქართველოს კონსტიტუციას. თუ საუბარია სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებზე, ჩვენ შეგვიძლია მუშაობა თავისუფლად გავაგრძელოთ არსებული კონსტიტუციითაც. ჩვენი მთავარი ამოცანაა კონსტიტუციის დახვეწა. კონსტიტუცია საჭიროებს დახვეწას და სწორედ ამ მიზნით იმუშავებს კომისია“.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკრეტულ ნორმებსა და დებულებებზე საუბრისგან ირაკლი კობახიძემ თავი შეიკავა, თუმცა, პოზიცია დააფიქსირა კონსტიტუციის 81-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ეხება. „რაც შეეხება 81-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს უნდობლობის გამოცხადებას და ძალიან გართულებულ პროცედურას, ეს აუცილებლად საჭიროებს გადახედვას, დახვეწას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ნეგატიურად აისახება პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე. აქედან გამომდინარე, უნდობლობის გამოცხადების პროცედურა არის აუცილებლად დასახვეწი. ამაზე მე, როგორც ექსპერტს, თავის დროზე, მქონდა ძალიან მყარი პოზიცია, ჩამოყალიბებული და ამ პოზიციაზე ბუნებრივია, ვრჩები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც პროექტის საყოველთაო სახალხო და საპარლამენტო განხილვები გაიმართება.

კომენტარის დატოვება